
უკრაინის სასამართლომ სოლოვიოვს პატიმრობა შეუფარდა
14/03/2022 12:39:54 ევროპა
უკრაინა კრემლის პროპაგანდისტ ვლადიმირ სოლოვიოვზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას გეგმავს,– იუწყება უკრაინის გამოძიების ბიურო.
როგორც აღინიშნა, 14 მარტს უკრაინულმა სასამართლომ დააკმაყოფილა გამომძიებლების შუამდგომლობა და რუს ტელეწამყვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმე ეხება მის საჯარო მოწოდებებს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შესახებ, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგები – ადამიანების დაღუპვა.
"სოლოვიოვი სისტემატურად უჭერდა მხარს რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობის დანაშაულებრივ ქმედებებს უკრაინაში შეჭრის თაობაზე და მოუწოდებდა მისი ტერიტორიული სტრუქტურის შეცვლისკენ, მათ შორის სამხედრო ოპერაციების და სამხედრო ინფრასტრუქტურის და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების გზით", - აღნიშნა გამოძიების სახელმწიფო ბიურომ და დასძინა, რომ უწყებამ შეაგროვა შესაბამისი დოკუმენტები პროპაგანდისტის საერთაშორისო ძებნაში გამოსაცხადებლად.