
"თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება"
10/09/2019 06:29:16 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ნატო–ს ყოფილი გენმდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის შეფასებით, საქართველო უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროპისა და აშშ-სთვის. ამის შესახებ მან თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
„სტრატეგიული თვალსაზრისით, ენერგეტიკული კუთხით, აქ გამავალი მილსადენებით საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მდებარეობა. ეს არის მნიშვნელოვანი დერეფანი რუსეთისთვის და ევროპისთვის და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს რეფორმების გზა და ევროკავშირისკენ და ნატო-სკენ სწრაფვა“, – განაცხადა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.
ამასთან რასმუსენმა საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ნატო–ს წევრი, გაამახვილა ყურადღება, აღნიშნა, რომ ესმის, რომ საქართველოში ბევრ ადამიანს მოთმინება ამოეწურა. მან საზოგადოებას შეახსენა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები. ეს გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია.
მისი თქმით, ბუქარესტის სამიტამდე საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხი განხილული იქნა.
„ბუქარესტის სამიტამდე ჩვენ განვიხილავდით, მიგვეცა თუ არა მაპ-ი საქართველოსა და უკრაინისთვს. ჩვენ ვერ მივაღწიეთ საჭირო მხარდაჭერას ამისთვის. როგორც იცით, ნატო-ში გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ერთხმად ხდება, ხოლო საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭებასთან დაკავშირებით იყო გარკვეული წინააღმდეგობა. ამის ნაცვლად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თქვენ გახდებით ნატო-ს წევრი. ეს გზავნილი უფრო ძლიერია, რადგან წევრობის სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებს გარანტიას, რომ თქვენ გახდებით წევრი. თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან წევრები“, – განაცხადა რასმუსენმა.
მისი თქმით, შეიქმნა ნატო-საქართველოს კომისია, ასევე ნატო-უკრაინის კომისია.
„ახლა ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებზე მუშაობას ამ კომისიების ფარგლებში და ეს პროცესი კარგად მიდის. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ 2008 წელს ჩვენ არასწორად მოვიქეცით. მე მხარს ვუჭერდი საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ეს. ვფიქრობ, ჩვენ გავუგზავნით არასწორი გზავნილი პუტინს. ეს იყო მერყეობის, სიმტკიცის ნაკლებობის გზავნილი და მან გამოიყენა ეს სიტუაცია. მე ვხედავ მკაფიო კავშირს 2008 წლის აპრილის სამიტზე ნატო-ს მერყეობასა და 2008 წლის აგვისტოში საქართველოზე თავდასხმას შორის. მას სურდა მკაფიო გზავნილის გაგზავნა საქართველოსა და ნატოსთვის – ნუ ჩაერევით ჩვენს სამეზობლოში. ასე რომ ვფიქრობთ, ჩვენ შეგვეძლო ამის თავიდან აცილება, საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭებით. თუმცა ეს არ გავაკეთეთ“, – განაცხადა რასმუსენმა.
ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, გრძელდება რეფორმების პროცესი და და მნშვნელოვანია, საქართველომ ეს კურსი შეინარჩუნოს.
რაც შეეხება ნატო–ს წევრობას ისე, რომ მეხუთე მუხლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე მხოლოდ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდეს, რასმუსენის თქმით, საკითხზე ქართველებმა უნდა იმსჯელონ და თავად შეუძლიათ ამ საკითხის დაყენება.
„ახლა იმ წევრებისთვის, რომლებიც თავს იკავებენ ადვილია თქმა, რომ საქართველოს აქვს გადაუწყვეტელი სასაზღვრო საკითხები რუსეთთან. ჩვენ არ შეგვიძლია საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა და მეხუთე მუხლის მთელ საქართველოზე გავრცელება. მე ვფიქრობ, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს ნატო-ში. თუ თქვენ კითხულობთ ყოველწლიურ პროგრამებს, საქართველო თითქმის ყველა პირობას ასრულებს, მაგრამ ჯერ კიდევ გაქვთ პრობლემები საზღვრებთან დაკავშირებით. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვერ მივცემთ პუტინს ვეტოს უფლებას, ეს მან არ უნდა გადაწყვიტოს, შეუერთდება თუ არა საქართველო ნატო-ს. ეს საქართველოს მთავრობის და ნატო-ს საბჭოზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.
ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ვლადიმირ პუტინს შეუძლია, თავისი თამაშების გაგრძელება და ეს საქართველოს გარდა ეხება ყირიმს, დონბასს, დნესტრისპირეთს და მთიან ყარაბაღს, რადგან პუტინი ფიქრობს, რომ მეზობლების დასუსტება და კონფლიქტებზე ფოკუსირება მათი ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანების პრევენციას მოახდენს.
„პუტინმა კარგად იცის, რომ ნატო-ში და ევროკავშირში არ სურთ გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავების იმპორტირება. ჩვენ არ შეგვიძლია, მას ნება დავრთოთ, რომ ეს დე ფაქტო ვეტოს უფლება შეინარჩუნოს. ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი, მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება. ამით ჩვენ შევძლებთ კრემლისთვის ცხადი სიგნალის გაგზავნას, არ გააგრძელოს ეს გზა, რადგან პოზიტიური განვითარება არ ექნება მისთვის“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
რასმუსენმა მეხუთე მუხლთან დაკავშირებით გერმანიის პრეცედენტი გაიხსენა:
„ჩვენ გვქონდა მსგავსი პრეცედენტი. მე გერმანიას ვგულისხმობ, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად იყო დაყოფილი. გერმანია ნატო-ში 1955 წელს გაწევრიანდა, თუმცა მხოლოდ მისი დასავლეთ ნაწილი. ნატო-ს წესები არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. თუმცა როდესაც გერმანია გაერთიანდა 1991 წელს ნატო-ს წესდებამ დაფარა აღმოსავლეთ გერმანიაც. პრინციპში, ანალოგიური მექანიზმი შესაძლოა, შემუშავდეს საქართველოსთვისაც. რა თქმა უნდა, ის არის სადავო და უნდა განიხილებოდეს, როგორც საქართველოში, ისე ნატო-ში. თუმცა ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავადასტუროთ ის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტ პუტინს მივცემთ დეფაქტო ვეტოს უფლებას, რომ მუდმივად შეძლოს საქართველოს, უკრაინის ან სხვა მეზობელი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების დაბრკოლება ანალოგიური კონფლიქტების წარმოქმნით“.
ამასთან რასმუსენმა საერთაშორისო მისიებში საქართველოს ჩართულობაზე და ამ ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:
„მრავალი წლის განმავლობაში, საქართველო იყო მთავარი არაწევრი კონტრიბუტორი ავღანეთში
ჩვენს ოპერაციაში. წლების განმავლობაში ათასობით ქართველმა სამხედრომ წვლილი შეიტანა ნატო-ს ოპერაციაში. სამწუხაროდ, საქართველომ განიცადა დანაკარგიც და, რა თქმა უნდა, ბევრი ქართველისთვის წარმოადგენს გამოწვევას იმის გაგება, თუ რატომ არიან ისინი ავღანეთში. თუმცა საბოლოოდ, ეს არის კითხვა, რომელიც ეხება მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის სოლიდარობას. ავღანეთში ჩართულობით საქართველო აჩვენებს მზადყოფნას და შესაძლებლობას, თავად იყოს უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი. სწორედ ამიტომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ავღანეთში ყოფნა. ნატო-სთვის კი, საქართველოს წვლილი ფასდაუდებელია.