
"ნამდვილად დაეხმარეთ რუსეთს" – კულებამ ბერლინი გააკრიტიკა და მისგან სამი ნაბიჯის გადადგმა მოითხოვა
14/03/2022 09:59:47 ევროპა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ გერმანია გააკრიტიკა რუსეთის მიმართ მრავალწლიანი პოლიტიკის გამო,– ამის შესახებ მან გერმანულ ARD-ის ეთერში ისაუბრა.
„ჩემთვის სამწუხაროა იმის თქმა, რომ თქვენ ნამდვილად დაეხმარეთ რუსეთს არსებული ხელისუფლების ჩამოყალიბებაში. იმედს ვიტოვებთ, თქვენ ასევე ბევრს გააკეთებთ იმისთვის, რომ შეაჩეროთ რუსეთის სამხედრო მანქანა“,– განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.
კულება ამბობს, რომ გერმანია და უკრაინა პარტნიორები არიან და ომის დროს გერმანიისგან სამ ნაბიჯს ელის:
„უპირველესად, უკრაინას თავის დასაცავად სჭირდება ყველა აუცილებელი იარაღი. სამართლიანად არ მიმაჩნია, რომ გერმანიას უკანასკნელი წლების განმავლობაში ფართომასშტაბიანი სამხედრო თანამშრომლობა ჰქონდა რუსეთთან. ამდენად, ახლა დროა, ჩვენ მივიღოთ თავდაცვითი საშუალებები.
მეორე – მინდა ვნახო გერმანია სანქციების წინა პლანზე. ზოგიერთ შემთხვევაში, შეერთებული შტატები მზად არის, უფრო შორს წასასვლელად, მაგრამ გერმანია ამბობს: "მოიცადეთ, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ რა მოხდებაო“.
მესამე – უკრაინა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. ეს შეუძლებელია მყისიერად, მაგრამ ჩვენ ველით, რომ გერმანიის მთავრობაც მხარს დაუჭერს ამ გადაწყვეტილებას, რადგან უკრაინა ევროპის ნაწილია და ევროპა უკრაინასთან ერთად უფრო უსაფრთხოდ იქნება", - თქვა კულებამ.