
ვრცელდება ცნობები უკრაინაში საცხოვრებელ შენობებსა და ტელეანძაზე თავდასხმის შესახებ
14/03/2022 07:09:29 ევროპა
წინასწარი ინფორმაციით, 2 ადამიანი დაიღუპა კიევის ობოლონის რაიონში, სადაც 9-სართულიან სახლს ჭურვი მოხვდა. ამის შესახებ უკრაინული სააგენტო „უნიანი“ და გამოცემა "უკრაინსკა პრავდა" იუწყებიან.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებმა ცეცხლწაკიდებული სახლიდან 70-ზე მეტი ადამიანი გაიყვანეს.
14 მარტს დილით, რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს კიევის საავიაციო ქარხანაზეც.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, გამთენიისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ჟიტომირის ოლქის ადმინისტრაციულ შენობებზე. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია 4 ადამიანი. დანგრეულია 7 შენობა.
დღეს დილით სარაკეტო იერიში განხორციელდა ქალაქ როვნოს მახლობლად მდებარე სატელევიზიო ანძაზეც. საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კოვალის ინფორმაციით, ანძის დანგრევის გამო შეწყვეტილია ტელერადიო მაუწყებლობა.
მე–19 დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ახორციელებს. იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები.