მედია – რუსეთმა ჩინეთს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა
14/03/2022 06:26:16 მსოფლიო
რუსეთმა ჩინეთს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა, – იუწყება Financial Times ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა წერს, ჩინეთის პოზიტიურმა პასუხმა შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს დასავლეთის ძალისხმევას უკრაინის დასახმარებლად.
"ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს Financial Times-ს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა ტიპის დახმარების გაწევის თხოვნით მიმართა. კონკრეტულად რას ითხოვდა კრემლი, ამერიკელი მაღალჩინოსნები გამოცემასთან არ აკონკრეტებენ. ერთ–ერთი წყარო აცხადებს, რომ აშშ ემზადება თავისი მოკავშირეების გასაფრთხილებლად, რომ ჩინეთი შესაძლოა, რუსეთის დახმარებას გეგმავდეს. კიდევ ერთი წყაროს თქმით, არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსეთს გარკვეული სახის იარაღი ეწურება, რადგან უკრაინაში ომი მესამე კვირაა, გრძელდება. აღნიშნულ ცნობებთან დაკავშირებით თეთრ სახლს კომენტარი ჯრ–ჯერობით არ გაუკეთებია", – იუწყება Financial Times.
აშშ–ში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა ლიუ პენგიუმ განაცხადა, რომ ზემოთ ხსენებული ინფორმაციის შესახებ არაფერი იცის და დასძინა, რომ "პეკინი ღრმად არის შეშფოთებული უკრაინის მოვლენებით".
"ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია განიმუხტება და კვლავ მშვიდობა დაისადგურებს",– განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ დღეს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი გაემგზავრება რომში, სადაც ჩინეთის საგარეო პოლიტიკის მაღალჩინოსან იან ჯიეჩის შეხვდება.
მანამდე, სალივანმა NBC–სთან საუბრისას განაცხადა, რომ პეკინს „შედეგები“ ემუქრება, თუ ის მოსკოვს უკრაინასთან ომი გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების თავიდან აცილებაში დაეხმარება.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ვერც ჩინეთმა და ვერც სხვამ ვერ აუნაზღაუროს რუსეთს ეს დანაკარგები. რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად რა საშუალებებით გავაკეთებთ ამას, არ ვაპირებ ამ ყველაფერზე საჯაროდ საუბარს, მაგრამ ჩვენ ამას ჩინეთს შევატყობინებთ,” - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 2,5 მილიონს გადააჭარბა.


