“კომპანიები, რომლებმაც რუსეთის ბაზარი დატოვეს, საქართველოთი ინტერესდებიან”- Galt&Taggart
13/03/2022 20:49:01 ეკონომიკა
Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსის ევა ბოჭორიშვილის ცნობით, კომპანიები, რომლებიც რუსეთს ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო ამოქმედებული სანქციების შემდეგ ტოვებენ, ახალ ბაზრებს ეძებენ ბიზნესის გადასატანად და საქართველოს მიმართაც არსებობს ინტერესი.
“რუსეთში დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე ბევრი კომპანია, რომელიც ოპერირებდა რუსეთში, მათ შორის უცხოური კომპანიები, ცდილობენ ბაზრების დივერსიფიცირებას და ეძებენ გარკვეულ ქვეყნებს, სადაც გადაიტანენ თავიანთ ბიზნესებს. მათ შორის რეგიონის მომარაგების კუთხით. ალბათ ასეთი ბიზნესების რიცხვი ნელ-ნელა გაიზრდება.
ჩვენც უკვე მოგვმართავენ გარკვეული უცხოური კომპანიები და საელჩოები, რომელთა ბიზნესები ეძებენ სხვადასხვა ქვეყანას და მათ შორის საქართველოსაც მოიაზრებენ. ამიტომ ესეც ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად ვიმუშავებთ ამ კომპანიებთან. ამის გათვალისწინებით, ვაკეთებ დაშვებას, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შესაძლოა გაიზარდოს",-აცხადებს, BM.GE–ს ცნობით, ევა ბოჭორიშვილი.
მე–18 დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ახორციელებს. იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს. საქართველო სანქციებს "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება.


