
სალივანი რუსეთს ჟურნალისტის მკვლელობისთვის "შესაბამის შედეგებს" პირდება
13/03/2022 17:39:39 ევროპა, მსოფლიო
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი რუსული ძალების მიერ უკრაინაში ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობას "შოკისმომგვრელსა და შემზარავს" უწოდებს და ამბობს, რომ ამას აშშ-ის მხრიდან "შესაბამისი შედეგები" მოჰყვება, როგორც კი ბაიდენის ადმინისტრაცია დამატებით ინფორმაციას მიიღებს.
"ეს შემზარავი და შოკისმომგვრელია. ახლახანს გავიგე ამის შესახებ. კონსულტაციები მექნება ჩემს კოლეგებთან და უკრაინელებთან იმის დასადგენად, როგორ მოხდა ეს და განვსაზღვარვთ შესაბამის შედეგებს", - თქვა მან CBS-ის ეთერში და დასძინა, "ეს რუსების მხრიდან თავხედური აგრესიის ნაწილია, როცა მიზანში იღებენ მშვიდობიან მოსახლეობას, საავადმყოფოებს, სალოცავებსა და ჟურნალისტებს".
კიევის პოლიციის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა დღეს, 13 მარტს უკრაინაში, ქალაქ ირპენში New York Times-ის ჟურნალისტი მოკლეს.
მე–18 დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ახორციელებს. იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს.