
ალეკო ელისაშვილი: "შორიდან ყურება არ შემეძლო, აქ ვარ – უკრაინაში"
13/03/2022 17:16:22 ევროპა, საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ალეკო ელისაშვილი "ფეისბუკზე" წერს, რომ უკრაინაში საბრძოლველად წავიდა.
"არასოდეს გულგრილი არ ვყოფილვარ. არ შემეძლო ისე მეცხოვრა, რომ სხვისი დარდი და განსაცდელისთვის თვალი ამერიდებინა. ახლა უკრაინა, ჩვენი ჭირის და ლხინის თანაზიარი უკრაინელები განსაცდელში არიან. იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო. ამიტომაც აქ ვარ, უკრაინაში. მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში. მტერი უნდა დავამარცხოთ", - წერს ელისაშვილი.
მე–18 დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ახორციელებს. იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს. საქართველო სანქციებს "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება.