დიმიტრი ნაგიევმა უკრაინაში პუტინის მიერ გაჩაღებულ ომთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია
13/03/2022 15:01:14 მსოფლიო
ცნობილი რუსი მსახიობი და ტელეწამყვანი დიმიტრი ნაგიევი, რომელიც საჯაროდ არ გამოხმაურებია უკრაინაში ლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომს, „ინსტაგრამში“ საკუთარ გვერდზე შავ-თეთრ ვიდეოს აქვეყნებს, რომელსაც თან ახლავს „აკვარიუმის“ სიმღერა „ჩვენ საკუთარ თავს ვებრძოდით“.
"ნახვამდის. აუცილებლად შევხვდებით. მიყვარხართ, მიუხედავად დაკარგული იმედების მომჟავო გემოსა. როგორც ბაბუამ ზიარების წინ თქვა: "რა ჩავიდინე?“,– დაწერა მსახიობმა.
მანამდე რუსმა რეპერმა Face-მა დატოვა რუსეთი, მხარი დაუჭირა უკრაინას და რუსეთში ყველა კონცერტი გააუქმა.
„მოვუწოდებ ჩვენს სახელმწიფოს და არმიას, გონს მოვიდნენ და შეწყვიტონ მოძმე ხალხის ტერიტორიაზე ქალაქებისა და ცხოვრების ნგრევა... ბოდიშს ვუხდი მთელ უკრაინელ ხალხს იმ ტანჯვისთვის, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მოგიტანათ“, – დაწერა მან "ინსტაგრამზე".
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა, ორივე მხარეს, უკვე იმსხვერპლა ათასობით ადამიანის სიცოცხლე.


