
პოლონეთის საზღვართან რუსული ძალების შეტევას 35 ადამიანი ემსხვერპლა, 100–ზე მეტი დაშავდა
13/03/2022 13:54:15 ევროპა
რუსეთის არმიის მიერ ქალაქ ლვოვთან ახლოს, იავოროვის სამხედრო პოლიგონის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა, 130-ზე მეტი დაშავდა,- იუწყება ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი.
„სამწუხაროდ, ჩვენ დღეს უფრო მეტი გმირი დავკარგეთ“, - წერს კოზიციკი "ტვიტერზე".
ბოლო მონაცემებით, რუსმა სამხედროებმა ტერიტორიაზე 30 რაკეტა ისროლეს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, „მშვიდობისმყოფელებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრში“, რომელზეც სარაკეტო იერიში განხორციელდა, უცხოელი ინსტრუქტორები მუშაობენ:
„რუსეთი თავს დაესხა მშვიდობისმყოფელებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს, ლვოვთან ახლოს. აქ უცხოელი ინსტრუქტორები მუშაობენ... ეს არის ახალი ტერორისტული თავდასხმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ევროკავშირ-ნატოს საზღვართან ახლოს. აუცილებელია მოქმედება ამის შესაჩერებლად. დაკეტეთ ცა!“.
ლვოვი დასავლეთ უკრაინის ყველაზე დიდი ქალაქია. უკრაინის დასავლეთ ნაწილში ევაკუირებულია უკრაინელების დიდი ნაწილი, რომლებიც იქიდან პოლონეთში გადადიან.
„მშვიდობისმყოფელებისა და უსაფრთხოების ცენტრი“ პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრით არის დაშორებული. მედიის ინფორმაციით, ეს ცენტრი 2007 წელს შეიქმნა და წარმოადგენს სასწავლო-საწვრთნელ ბაზას კადრების მოსამზადებლად უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.