
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: "რუსი ჯარისკაცებისთვის არ ჰყოფნით სისხლის მარაგი"
13/03/2022 09:02:58 ევროპა
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ღამის განმავლობაში არ შეცვლილა თავდაცვის ძალების მოქმედებათა მდგომარეობა და ხასიათი.
უწყების ხელთ არსებული ცნობით, უკრაინის ტერიტორიაზე დაჭრილი რუსი სამხედროების დიდი ნაწილი ბელარუსის სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებშია განთავსებული და კლინიკებს "არა აქვთ ქირურგიული ოპერაციებისთვის საჭირო სისხლის მარაგი“:
„ბელარუსის მოქალაქეებისთვის არსებული რეზერვის 2/3 უკვე გადაგზავნილია რუსი სამხედროებისთვის. გააქტიურებულია სისხლის ჩაბარების კამპანია საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის და მოქალაქეებისთვის“.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარისკაცების დანაკლისის შესავსებად რუსეთში ახალი შენაერთების ფორმირებას ცდილობენ და დაგეგმილია 1500 სამხედროს მობილიზება საზღვაო ქვეითთა მე-40 განცალკევებული ბრიგადის საწყობიდან:
„მტერი განაგრძობს სამოქალაქო ინსფრასტრუქტურის გამოყენებას სამხედრო მიზნებისთვის. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით ხდება შენაერთებისა და ტექნიკის განთავსება მაღალი საფრთხის შემცველ ობიექტებზე. ცეცხლს უხსნიან მშვიდობიან მოქალაქეებს, უკანონოდ ათვალიერებენ მათ პირად ნივთებს და ჩხრეკენ ადგილობრივებს“.
ამასთან, 12 მარტს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ რუსეთის ქვეითი ძალების დიდი ნაწილი კიევის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში იმყოფებოდა, ალყაში რჩება ქალაქები: ხარკოვი, ჩერნიგოვი, სუმი და მარიუპოლი.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 12 მარტის ღამეს, ქალაქ ჩერნიგოვისა და ნიკოლაევის მისამართით რუსი სამხედროები ზალპური ცეცხლის სისტემიდან, „სმერჩიდან“ ისროდნენ.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა, ორივე მხარეს, უკვე იმსხვერპლა ათასობით ადამიანის სიცოცხლე.