რეზნიკოვი – IPSC–ს დაბომბვაზე: "ტერორისტული თავდასხმაა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ევროკავშირ-ნატო–ს საზღვართან, დახურეთ ცა!"
13/03/2022 08:36:53 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე ( IPSC) რუსეთის სარაკეტო დარტყმას "ტერორისტული თავდასხმა" უწოდა.
რეზნიკოვმა დასძინა, რომ სამხედრო ბაზაზე "უცხოელი ინსტრუქტორები" მუშაობენ.
„ეს არის ახალი ტერორისტული თავდასხმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ევროკავშირ-ნატოს საზღვართან. ამის შესაჩერებლად ზომები უნდა იქნას მიღებული. დახურე ცა!”, – მიმართავს მინისტრი დასავლეთს.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, დღეს აფეთქებები მოხდა ლვოვშიც, რომელიც პოლონეთს ესაზღვრება. კერძოდ, რუსულმა ავიაციამ ლვოვთან მდებარე უკრაინის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ლვოვის ოლქის გუბერნატორის თქმით, საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად ცხრა პირი დაიღუპა, 57 დაიჭრა.
ლვოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს "საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრზე" (IPSC), რომელიც მდებარეობს იავორივის რაიონში, ლვოვის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 50 კილომეტრში და პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში. მისი ცნობით, რუსულმა ძალებმა 30 რაკეტა გაუშვეს.
IPSC არის დიდი სამხედრო ბაზა, რომელიც მოიცავს საწვრთნელ ცენტრს ჯარისკაცებისთვის, ძირითადად სამშვიდობო მისიებისთვის.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 2,5 მილიონს გადააჭარბა.


