მედია – ჰელსინკის კომისია მოუწოდებს ბაიდენს, მიანიჭოს უკრაინასა და საქართველოს ნატო–ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი
13/03/2022 07:21:17 მსოფლიო
აშშ-ის დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტო ჰელსინკის კომისია, რომელსაც ევროპაში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა ევალება, მოუწოდებს ბაიდენის ადმინისტრაციას, უკრაინასა და საქართველოს ნატო–ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი მიანიჭოს და გააძლიეროს შეერთებული შტატების მხარდაჭერა ორივე ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების კუთხით, – იუწყება Foreign Policy.
“მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები მუდმივად უჭერდა მხარს უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, რუსეთის ოკუპაცია და [უკრაინაში რუსეთის] მიმდინარე შეჭრა ფარდას ხდის დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული ევროატლანტიკური გაფართოების ტრაგედიას”, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
როგორც კომისიაში აცხადებენ, "ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებისადმი აშშ-ის ძლიერი და აქტიური მხარდაჭერის არარსებობის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვლავ გააგრძელებს მისი უპირატესობის გამოყენებას, რაც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ძირის გამოთხრასა და ნეოკოლონიალისტური დღის წესრიგის გატარებას გულისხმობს".
გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველომ და უკრაინამ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატო-ში გაწევრიანების პირობა მიიღეს, თუმცა, “რეფორმებთან დაკავშირებული ფართო ძალისხმევის მიუხედავად, არც ერთი ქვეყნისთვის შეუთავაზებიათ გაწევრიანების გეგმა”.
როგორც კომისიაში აღნიშნავენ, ამა თუ იმ ქვეყნისთვის MNNA–ს მინიჭება ნიშნავს მნიშვნელოვანი არხების გაჩენას იარაღის გადაცემის, ფინანსური დახმარებებისა თუ ინფორმაციის გაზიარების გასაადვილებლად, რაც მეტი თანამშრომლობისთვის ნიადაგის მომზადებასაც ნიშნავს. თუმცა, იქვე ხაზგასმულია, რომ თანამშრომლობის ეს ფორმა არ გულისხმობს თავდაცვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ორმხრივ ვალდებულებებს, როგორც ეს ნატო-ს წევრობის შემთხვევაშია.
საგულისხმოა, რომ როგორც წესი, ეს სტატუსი განსაზღვრულია ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ნატო–ში გაწევრიანების ამბიციები ან პერსპექტივები. ეს გარემოება გასულ წელს აშშ-ში უკრაინის ელჩმა ოქსანა მარკაროვამაც აღნიშნა:
“MNNA არის სტატუსი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ გეგმავენ/არ შეუძლიათ ნატო–ში გაწევრიანება პოლიტიკური ან გეოგრაფიული მიზეზების გამო. ეს ჩვენ ნამდვილად არ გვეხება“.
მეორეს მხრივ, Foreign Policy აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ ქვეყნის ნატო–ში გაწევრიანება ალიანსის 30 წევრს შორის წყდება და შეერთებული შტატების მიერ MNNA-ს მინიჭება სულაც არ შეაფერხებს უკრაინის ალიანსში წევრობის პერსპექტივას.
ამასთან, ჰელსინკის კომისია რეკომენდაციით მიმართავს ბაიდენის ადმინისტრაციას, განიხილოს სტატუსის გავრცელება ნატო–ს სხვა არაწევრებისთვის, მაგალითად, ფინეთისთის, მოლდოვასა და შვედეთისთვის.
თეთრი სახლის მიერ ხუთშაბათს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოხსენებულ MNNA–ს კატარი და კოლუმბია მიიღებენ, რითაც 19-მდე გაიზრდება ნატო–ს არაწევრი მთავარი მოკავშირეების რაოდენობა.
ჰელსინკის კომისია დაარსდა 1976 წელს. იგი შედგება აშშ-ის კონგრესის 18 წევრისგან, რომელთა შორისაც არიან როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიების წევრები, ასევე, აშშ-ის სახელმწიფო, თავდაცვისა და კომერციის დეპარტამენტების წარმომადგენლები.


