
რუსეთი ხერსონში "რეფერენდუმის" ჩატარებას აპირებს
12/03/2022 19:15:00 ევროპა
რუსული საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქ ხერსონში სეპარატისტული რეგიონის შესაქმნელად ფსევდო რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ, - ინფორმაციას Sky News და CNN ავრცელებს.
მოსალოდნელ რეფერენდუმზე ჯერ არ საუბრობს რუსეთი, თუმცა უკრაინელი მაღალჩინოსნები და ადგილობრივი მოხელეები ამ მცდელობებს ადასტურებენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება "ტვიტერზე" წერს, რომ ეს მცდელობა მას 2014 წელს ახსენებს, როცა ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების უკრაინიდან გამოყოფა იყო რუსეთის მიზანი. კულება იმედოვნებს, რომ რუსეთი ხერსონის ოლქის სეპარატისტულ რეგიონად ჩამოყალიბების მცდელობისთვის დამატებით სანქციებს მიიღებს.
ხერსონის საბჭოს დეპუტატი სერგეი ხლანი კოლეგებს მოუწოდებს, არ დათანახმდნენ ინიციატივაზე, რომელსაც რუსები სთავაზობენ და არ მისცენ ხმა რეფერენდუმის ჩატარების სასარგებლოდ.
ხერსონი საზღვაო ქალაქია სამხრეთ უკრაინაში, რომელიც უკრაინაში რუსული ჯარის შეჭრის შემდეგ ერთ-ერთი პირველი სამიზნე იყო. ხერსონის ოლქზე შეტავა 24 თებერვალსვე დაიწყო რუსულმა ჯარმა და კონტროლი 2 მარტს მოიპოვა.
5 მარტს ხერსონის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. ადგილობრივები არც რეფერენდუმის იდეას აფასებენ დადებითად და თვლიან, რომ ხერსონის უკრაინისგან დამოუკიდებელ რეგიონად გამოყოფა დონეცკისა და ლუგანსკის მსგავსად, რომლებიც რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა მათი დაპყრობის შემდეგ, მათ "უიმედო გამოქვაბულში" ჩავარდნასა და მომავლის გარეშე ცხოვრებას ნიშნავს.