ზელენსკი - რუსეთთან მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე: "ულტიმატუმების სროლიდან რაღაცის განხილვაზე გადავიდნენ"
12/03/2022 17:25:58 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის დელეგაციის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის წარმომადგენლებთან ვიდეოფორმატში გამართულ მოლაპარაკებებს ადასტურებს. რაც შეეხება მათ მიმდინარეობას, როგორც პრეზიდენტი აცხადებს, რუსულმა მხარემ "დაიწყო რაღაცაზე საუბარი ულტიმატუმების უწინდელი სროლის ნაცვლად".
«უკრაინელების ჯგუფი და რუსების წარმომადგენლები ამა თუ იმ საკითხებს განიხილავენ, დაიწყეს რაღაცაზე საუბარი და არა ულტიმატუმების სროლა»,— განაცხადა ზელენსკიმ უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრეს-კონფერენციაზე და იქვე დასძინა, რომ შესაძლებლად მიაჩნია რუსეთის ლიდერთან შეხვედრის გამართვა ისრაელში.
ცოტა ხნის წინ ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ზელენსკის ოფისის წარმომადგენელმა მიხეილ პოდოლიაკმაც. "მოლაპარაკებები ვიდეოფორმატის რეჟიმში უწყვეტად ტარდება, მათთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფები იქნა ფორმირებული, უკრაინული მხარის პოზიციები კი განსაზღვრულია წინა უმკაცრესი დირექტოვებით" - დაწერა პოდოლიაკმა ცოტა ხნის წინ "ტვიტერში".
ცნობისთვის: ინფორმაცია ბოლო დღეებში მხარეებს შორის ვიდეოფორმატში მოლაპარაკებების სერიის გამართვის შესახებ კრემლის საიტზე გაჩნდა. ამის შესახებ ევროპელ ლიდერებს ემანუელ მაკრონსა და ოლაფ შოლცს პრეზიდენტმა პუტინმაც აცნობა სატელეფონო საუბრისას. როგორც კრემლში ამ სამმხრივ საუბართან დაკავშირებით ირწმუნებიან, «სამი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს ზოგიერთი საკითხი, რომელიც რუსეთის ცნობილი მოთხოვნების ირგვლივ მისაღწევი შეთანხმებების შემუშავებას უკავშირდება».
ამავდროულად, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი, რომელიც მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის შემადგენლობაში შედის, ირწმუნება, რომ "მოლაპარაკებები უწინდელ - ბელოვეჟის ფორმატში ტარდება და რუსული დელეგაციის შემადგენლობაც უცვლელია".
მოხერხდა თუ არა უკვე რაიმეზე შეთანხმება და თუ კი, კონკრეტულად რაზე - არც სლუცკი ამხელს, არც კრემლის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი, რომელთანაც საკითხის გარკვევა დღეს რუსულმა მედიამ სცადა. "დეტალებთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ყოველგვარი კომენტარისგან თავს ვიკავებთ" - განაცხადა საპასუხოდ პესკოვმა.
ცნობისთვის: უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებათა პირველი სამი რაუნდი ბელარუსში 28 თებერვალს, 3 და 7 მარტს გაიმართა.


