
დაზვერვა: "უკრაინის საზღვრებთან 86 ათასი რუსი სამხედრო რჩება"
12/03/2022 12:03:39 ევროპა
უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ დროისათვის, უკრაინის საზღვრებთან რჩება 86 ათასი რუსი სამხედრო.
მისივე თქმით, რუსული შეიარაღებული ძალების 31-მა ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა „ფაქტობრივად სრულად დაკარგა საბრძოლო მზადყოფნა“.
ამერიკული სპეცსამსახურების ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დაღუპულია 2-დან 4 ათასამდე რუსი სამხედრო. უკრაინის გენერალური შტაბი გაცილებით მაღალ რიცხვზე ლაპარაკობს და აცხადებს, რომ დაღუპულია 12 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დასახელებული მონაცემი მინიმალურია.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. დაღუპულია 79 ბავშვი. ლტოლვილად იქცა 2 მილიონზე მეტი უკრაინელი.