
უკრაინაში რუსი სამხედრო ტყვეების საკოორდინაციო შტაბი შექმნეს
12/03/2022 09:18:59 ევროპა
უკრაინის ხელისუფლებამ სამხედრო ტყვეების საკოორდინაციო შტაბი შექმნა.
„ოკუპანტი ტყვეების რიცხვმა ისეთ რაოდენობას მიაღწია, რომ ეს საკითხი ვეღარ დარჩება იმ სტრუქტურების პასუხისმგებლობაში, რომლებიც ომამდე გვქონდა. ამიტომ, უკრაინის ხელისუფლება ქმნის საკოორდინაციო შტაბს“,– განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ომის დაწყებიდან 16 დღის განმავლობაში, უკრაინელთა ტყვეობაში აღმოჩნდა დაახლოებით 700 რუსი სამხედრო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბმა 9 მარტს გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც რუსეთის დანაკარგებმა უკრაინაში უკვე 12 000 ადამიანს მიაღწია, დაჭრილების და უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულების ჩათვლით.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე, მათ შორის 70-ზე მეტი ბავშვია. ლტოლვილად იქცა 2 მილიონზე მეტი უკრაინელი.