ზელენსკი: "პოლონეთსა და უკრაინას გვაქვს ისტორიული მისია, ვიყოთ ლიდერები და გადავარჩინოთ ევროპა"
12/03/2022 00:36:32 მსოფლიო
“თუ ღვთის წყალობით ამ ომს მოვიგებთ - და ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, მაშინ გამარჯვებას თქვენ - ჩვენს და-ძმებს გაგიზიარებთ. სწორედ ესაა ჩვენი სიდიადე”, - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის სეიმს და ამ უმძიმეს დროს "მტკიცე პარტნიორობისთვის" პოლონეთს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
მისი შეფასებით, "უკრაინამ და პოლონეთმა უკვე შექმნეს უკიდურესად ძლიერი ალიანსი - მართალია, არაფორმალური, მაგრამ ნამდვილი - დამყარებული რეალობაზე და არა ქაღალდზე დატანილ სიტყვებზე, შეკრული ადამიანების გულებში არსებული სითბოთი და არა პოლიტიკოსთა მიერ სამიტებზე წარმოთქმული სიტყვებით".
ვიდეოჩართვისას ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პოლონეთს უკრაინელი ლტოლვილების გულითადი მიღებისთვის და აღნიშნა, რომ "უკრაინის 1,5 მილიონზე მეტი მოქალაქე - უმთავრესად ქალები და ბავშვები, პოლონეთში უცხოდ არ გრძნობენ თავს".
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის ექს-პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მიერ 2008 წლის ომის დროს თბილისში წარმოთქმული ფრაზა გაიხსენა: „დღეს - საქართველო, ხვალ - უკრაინა, ზეგ - ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგ შესაძლოა, ჩემი ქვეყნის - პოლონეთის დროც მოვიდესო“.
„24 თებერვალს ეს საშინელი დრო უკრაინისთვის დადგა და ახლა ერთად ვიბრძვით, რათა ეს დრო არ დაუდგეს ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთს. ჩემო ძვირფასო ძმებო-პოლონელებო, ჩვენ ძალას წარმოვადგენთ, ერთად 90 მილიონი ვართ და ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია! ეს ბრძოლა არის ჩვენი ისტორიული მისია - პოლონეთის ისტორიული მისია, უკრაინის ისტორიული მისია, ვიყოთ ლიდერები, რომლებიც ერთად გამოიყვანენ ევროპას უფსკრულიდან, ერთად გადაარჩენენ ამ საფრთხისგან და შეაჩერებენ ევროპის მსხვერპლად ქცევას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


