
აშშ უკრაინაში მებრძოლ ამერიკელებს დაღუპვის რისკის თაობაზე აფრთხილებს და მოუწოდებს მათ, "ენერგია უსაფრთხო, კონსტრუქციული საქმიანობისკენ" მიმართონ
11/03/2022 21:16:55 მსოფლიო
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში მოხალისეთა რიგებში მებრძოლ შეერთებული შტატების მოქალაქეებს დაღუპვის რისკის თაობაზე აფრთხილებს და მოუწოდებს მათ, "ენერგია უსაფრთხო, კონსტრუქციული საქმიანობისკენ" მიმართონ. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკელებს, რომლებიც მიემგზავრებიან უკრაინაში და ომში იბრძვიან უკრაინის ძალებთან ერთად, რუსები განიხილავენ როგორც „დაქირავებულ მებრძოლებს“ და მათ არასათანადო მოპყრობის საფრთხე ემუქრებათ.
"აშშ-ის მოქალაქეების წინააღმდეგ რუსებმა შესაძლოა, დაიწყონ სისხლისსამართლებრივი დევნა, ტყვედ აიყვანონ ან მოკლან ომში უკრაინის სახელით ბრძოლის გამო. შეერთებულ შტატებს არ შეუძლია, განახორციელოს აშშ-ის მოქალაქეების უკრაინიდან ევაკუაცია, მათ შორის იმ ამერიკელების, რომლებმაც შესაძლოა, გადაწყვიტონ უკრაინაში გამგზავრება მიმდინარე ომში მონაწილეობის მისაღებად", –განაცხადა პრაისმა.
სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს დაეხმარონ უკრაინას „კონსტრუქციული გზებით" ჰუმანიტარული დახმარების გაწევითა და სხვა საშუალებებით:
„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ აშშ-ის მოქალაქეებს, არ გაემგზავრონ უკრაინაში მათი უსაფრთხოებისთვის, განურჩევლად იმისა, რა მიზნით მიდიან, ჩვენ მოვუწოდებთ მათ, მიმართონ თავიანთი ენერგია უსაფრთხო, კონსტრუქციული, მოხალისეობრივი ან სამოქალაქო საზოგადოების აქტივობებისკენ".
CNN-ის კითხვაზე, აქვს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტს მონაცემები, აშშ–ის რამდენი მოქალაქე იბრძვის ამჟამად უკრანაში რუსეთის წინააღმდეგ, პრაისმა შემდეგი განაცხადა:
"ეს არ არის ის, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, რადგან მოქალაქეებს საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის რეგისტრაცია არ მოეთხოვებათ".