რა შეიარაღების გაგზავნას ითვალისწინებს ამერიკის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 3,5 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება
11/03/2022 20:41:17 მსოფლიო
აშშ–ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 3,5 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება, რომელიც გუშინ სენატმა დაამტკიცა, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო იარაღს მოიცავს, – იუწყება Bloomberg.
მისივე ცნობით, უკრაინაში გაიგზავნება 105 მმ-იანი ნაღმტყორცნების, "ჯაველინის" ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისა და "სტინგერის" ტიპის საზენიტო რაკეტების ახალი პარტია.
გამოყოფილი თანხა ასევე დაიხარჯება უკრაინისთვის ისეთი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაზე, როგორიცაა "M203" ტიპის ყუმბარმტყორცნები, ჯავშანჟილეტები, სნაიპერული ავტომატები და ლაზერული დიაპაზონის ე.წ. მაძიებლები, რომელთაც იყენებდნენ სამიზნემდე მანძილის გამოსათვლელად.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.


