„ეს რა მსოფლიოა?“ – ერდოღანი პუტინის ომის გამო საერთაშორისო საზოგადოებას აკრიტიკებს
11/03/2022 17:44:13 მსოფლიო
თურქეთის პრეზდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის გახსნით ცერემონიაზე უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და მსოფლიოს ლიდერები გააკრიტიკა შექმნილი ვითარების გამო. კერძოდ, მისი თქმით, რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ოკუპაციაზე მსოფლიო თანამეგობრობის არასაკმარისმა რეაქციამ მიგვიყვანა რუსეთის ამჟამინდელ აგრესიამდე უკრაინის წინააღმდეგ.
„მთელ დასავლურ სამყაროს რომ ხმა ამოეღო 2014 წელს ყირიმში შეჭრაზე, შევეჯახებოდით იმ სურათს, რომელიც დღეს არის? თუმცა, ყირიმის ოკუპაციაზე გაჩუმებულები ახლა უკვე რაღაცას ამბობენ. განა სამართლიანობა მსოფლიოს ერთ ნაწილში მოქმედებს და მეორე ნაწილში უმოქმედოა? ეს რა მსოფლიოა? სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობამ არ გამოავლინა სათანადო მგრძნობელობა და არ გამოხატა აუცილებელი მხარდაჭერა ამ უსამართლობის აღმოსაფხვრელად“,- განაცხადა ერდოღანმა.
მისი თქმით, ამჟამინდელი რუსული აგრესიის აღკვეთა უკრაინის წინააღმდეგ შესაძლებელი იყო დიპლომატიური ინსტრუმენტების ქმედითად გამოყენების შემთხვევაში:
„უკრაინა მარტო დარჩა თავის სამართლიან ბრძოლაში. დღეს ჩვენ ვეჯახებით პრობლემის დამანგრეველ და მტკივნეულ შედეგებს, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებელია დიპლომატიური გზით, თუკი დროულად გამოვავლენთ ძლიერ ნებას. როდესაც ვხედავთ, როგორ ტოვებენ მშვიდობიანი მცხოვრებლები სახლებს, როდესაც ბავშვები შეშინებულები არიან, ქალაქები ნანგრევებშია, უდანაშაულოები იღუპებიან, ჩვენი მწუხარება იზრდება გეომეტრიული პროგრესით“, - განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო გაართულა დევნილთა ისედაც მნიშვნელოვანი პრობლემები.
მან იმედი გამოთქვა საღი აზრის არსებობისა და ცეცხლის შეწყვეტის:
„თურქეთი მზადაა, შეიტანოს თავისი საუკეთესო წვლილი რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაში, მათ შორის მონტრეს კონვენციის მოთხოვნების გამოყენების გზით“.
ერდოღანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა გაეროს სისტემის რეფორმისკენ, „რომელიც ვერ უმკლავდება დღევანდელ გამოწვევებს“:
„გაეროს საქმიანობაში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს არა სტატუს კვოს შენარჩუნებას და გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრის დაცვას, არამედ ახალი გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნას, რომელიც აკმაყოფილებს მთელი კაცობრიობის ინტერესებს“.


