უკრაინის შეიარაღებული ძალები: "რუსებმა ბელარუსის ტერიტორიებზე იერიში მიიტანეს"
11/03/2022 15:45:47 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ბელარუსის ტერიტორიებზე იერიში მიიტანეს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საუბარია უკრაინა-ბელარუსის საზღვართან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე.
"მტერი თავს დაესხა ბელარუსის ტერიტორიას, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. მოიერიშე "СУ" ჯერ ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის ტერიტორიაზე გადმოფრინდა, დაბომბა ჩვენი ტერიტორიები, რის შემდეგაც იერიში მიიტანეს ბელარუსის ტერიტორიაზეც. ორი თვითმფრინავის გადმოსვლა უკრაინის ტერიტორიაზე მეზობელი ქვეყნის ტერიტორიიდან მესაზღვრეებმა დააფიქსირეს", - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებდა, რომ რუსეთი პროვოკაციას ამზადებდა, რათა ომში ბელარუსიც ჩაეთრია. "რუსული ავიაცია ბელარუსის ტერიტორიაზე იერიშის მიტანას და შემდგომ ამის უკრაინისთვის დაბრალებას გეგმავს", – აცხადებდა რეზნიკოვი.


