უკრაინის სამხედრო დაზვერვა: "პუტინმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მომზადების ბრძანება გასცა"
11/03/2022 13:02:26 მსოფლიო
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მომზადების ბრძანება გასცა, რაზეც „პასუხისმგებლობა უკრაინას დაეკისრება“.
„ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფაში ჩვენი სამხედროების მონაწილეობის იმიტაციისთვის, დამპყრობლები ცდილობენ, შექმნან ყალბი „მტკიცებულებები“ თავიანთი ვერსიის დასადასტურებლად. კერძოდ, ჰოსტომელში, ანტონოვის აეროპორტის მახლობლად, შენიშნეს რუსული სატვირთო ავტომობილები, რომლებიც დაღუპული უკრაინელი მებრძოლების ცხედრებს აგროვებდნენ. არსებობს შესაძლებლობა, რომ მათ აგროვებენ ჩერნობილის ზონაში „ლიკვიდირებული დივერსანტებისთვის“, – აცხადებენ უკრაინის დაზვერვის სამსახურში.
მისი ცნობით, „სახმელეთო სამხედრო ოპერაციიდან და პირდაპირი მოლაპარაკებებიდან სასურველი შედეგის ვერმიღების გამო, პუტინი მზად არის, მიმართოს მსოფლიო საზოგადოების ბირთვულ შანტაჟს“.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სადგულს ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება:
"ოკუპანტებმა უარი თქვეს ამ სადგურზე სარემონტო სამუშაოებისთვის უკრაინელების შეშვებაზე. სამაგიეროდ, ალექსანდრ ლუკაშენკოს დავალებით, იქ „ბელარუსი სპეციალისტები“ შევიდნენ. მათ შორის ატომური მუშაკების საფარქვეშ ასევე არიან რუსებიც, ტერაქტის ორგანიზებისთვის“.


