ლუკაშენკო: "უკრაინა მზად იყო, თავდასხმა, მათ შორის ბელარუსზე განეხორციელებინა, რომ არა რუსეთის პრევენციული დარტყმა"
11/03/2022 12:41:16 მსოფლიო
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მოკავშირეა, ამტკიცებს, რომ კიევი ბელარუსზე თავდასხმას აპირებდა. ამის შესახებ მან მოსკოვში რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.
იგი კრემლის სადეზინფორმაციო ნარატივებს იმეორებს, რომ "უკრაინა მზად იყო თავდასხმა განეხორციელებინა, რომ არა რუსეთის პრევენციული დარტყმა სპეცოპერაციის დაწყებამდე ექვსი საათით ადრე":
"ისინი არა მხოლოდ დონბასისთვის დარტყმის მიყენებას აპირებდნენ - მათ პოზიციები ჰქონდათ განლაგებული ბელარუსზე თავდასხმისთვის".
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.


