"ნამდვილ რუსს არ რცხვენია რუსობის, ხოლო თუ რცხვენია, ესე იგი, არაა რუსი და ჩვენიანი"
11/03/2022 11:29:53 მსოფლიო
"ნამდვილ რუსს არ რცხვენია რუსობის, ხოლო თუ რცხვენია, ესე იგი, არაა რუსი და ჩვენიანი" - განაცხადა რუსეთი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა "მსოფლიოში რუსოფობიის გავრცელების საფრთხეზე" საუბრისას.
მისი თქმით, "კრემლს იმედი აქვს, რომ მსოფლიოს ქვეყნების ხელისუფლებები რუსეთს ამ საფრთხის აღკვეთაში ხელს შეუწყობენ".
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინაში მიმდინარე „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფონზე, რამდენიმე ქვეყანაში რუსოფობიის უპრეცედენტო დონე შეინიშნება:
"უკრაინაში სამხედრო ოპერაციის კონტექსტში რამდენიმე უცხო ქვეყანაში ჩვენი ყურადღება რუსოფობიის უპრეცედენტო დონემ მიიპყრო. დარწმუნებული იყავით, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ყველა ამ ინციდენტს".
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.


