Accentnews.ge
საფრანგეთის პოზიცია საქართველოს ევროკავშირიში გაწევრიანების თაობაზე - ელჩის კომენტარი

საფრანგეთის პოზიცია საქართველოს ევროკავშირიში გაწევრიანების თაობაზე - ელჩის კომენტარი

11/03/2022 09:02:58 პოლიტიკა

საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი მიიჩნევს, რომ "ახლა მთვარი პრიორიტეტი უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესიის შედეგად გამოწვეული ძალადობის დასრულებაა, შემდეგ კი გაჩნდება აუცილებლობა, ერთად ჩამოაყალიბონ, ევროპის მომავალი". ასე უპასუხა ელჩმა "აქცენტის" კითხვას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საფრანგეთის პოზიციის შესახებ.

"ევროკავშირის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება კონკრეტულ პროცესს გულისხმობს. ეს გადაწყვეტილება იქნება საფუძვლიანი დემოკრატიული განხილვის შედეგი, რომელიც მოიცავს ევროკომისიის დასკვნას, ევროპარლამენტში კენჭისყრას, საბჭოში წევრი სახელმწიფოების ერთსულოვნებასა და ყველა წევრი სახელმწიფოს ეროვნული პარლამენტების გადაწყვეტილებებს. ეს ბუნებრივია, რადგან გაფართოება არის პროცესი, რომელიც ეხება ევროკავშირის არსებობას და მის შესაძლებლობებს, იყოს გამართულად ფუნქციონირებადი აქტორი გამოწვევებით სავსე სამყაროში. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა აშკარად ევროპული ქვეყნებია. მათი მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კარგად არის ცნობილი და მას მხარი დაუჭირეს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ბოლო სამიტზე. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ ეს ძალისხმევა ახალი კუთხით წარმოაჩინა. უკრაინელები გაერთიანდნენ და თავიანთ დამოუკიდებლობას, დემოკრატიასა და თავისუფლებას დიდი სიმამაცითა და გმირობით იცავენ. ეს არის ჩვენთვის შთაგონება, რადგან ეს ასევე არის ბრძოლა ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლე დრიანმა უკვე განაცხადა, რომ ამ ახალი რეალობიდან დასკვნების გამოტანა მოგვიწევს. ახლა ყველაზე გადაუდებელი პრიორიტეტი უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესიის შედეგად გამოწვეული ძალადობის დასრულებაა. ამისთვის მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია, რომ კონკრეტულად განვახორციელოთ მხარდაჭერასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილებები და კიდევ გავზარდოთ ეს მხარდაჭერა. ეს ახლა ყველაზე მთავარია. შემდეგ კი გაჩნდება აუცილებლობა, ერთად ჩამოვაყალიბოთ, ევროპის როგორი მომავალი გვინდა ვიხილოთ, როგორ იმუშავებს, რას გააკეთებს. რა თქმა უნდა, აუცილებლად მოისმენენ მათ ხმას, ვინც ამჟამად ბრძოლაშია ჩართული, რომელიც არის ბრძოლა ევროპის სულისა და ფასეულობებისთვის", – განუცხადა ელჩმა "აქცენტს".

ცნობისთვის: 3 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ხელი მოაწერა.

10 მარტს ევროპულმა საბჭომ უკრაინის ევროპული არჩევანი აღიარა და მოიწვია კომისია, წარმოადგინოს მოსაზრებები მოლდოვასა და საქართველოს განაცხადების შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S