
უკრაინაში სირიის "ოპერაციების" კიდევ ერთი მონაწილე რუსი ოფიცრის დაღუპვის შესახებ იუწყებიან
11/03/2022 07:40:21 ევროპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კიდევ ერთი რუსი ოფიცრის ლიკვიდაციის შესახებ იუწყებიან, რომელიც სირიაში რუსულ „ოპერაციებშიც“ მონაწილეობდა.
ამის შესახებ გარდა უკრაინულისა, რუსული მედიაც წერს.
საუბარია ვიაჩესლავ მაკლაგინზე. ის 29 წლის იყო. ცხედარი როსტოვში გადაასვენეს. მას პუტინმა დაღუპვის შემდეგ მამაცობის ორდენი გადასცა.
მაკლაგინი პროფესიით პროგრამისტი და ნავიგატორი იყო. მსახურობდა შორეულ აღმოსავლეთში. იბრძოდა სირიაში.
ცნობილია, რომ უკრაინაში პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში დაიღუპნენ რუსი ვიცე-პოლკოვნიკი იური აგარკოვი, რომელიც მეთაურობდა მოტორიზებული შაშხანის პოლკს; რუსეთის შეიარაღებული ძალების 61-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი საფრონოვი და რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების მე-11 ცალკეული საჰაერო სადესანტო ბრიგადის მეთაურის მოადგილე, პოლკოვნიკი დენის გლებოვი.