მედია - რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად, ქალაქები ლუცკი და დნიპრო დაბომბა
11/03/2022 06:25:23 მსოფლიო
რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად, ქალაქები ლუცკი და დნიპრო დაბომბა, – იუწყება უკრაინული მედია.
მისი ცნობით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ლუცკში, ასევე დნიპროში, რომელიც ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, აფეთქებების ხმა ცოტა ხნის წინ გაისმა.
აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინის რამდენიმე ქალაქში საჰაერო იერიშის სიგნალები ჩაირთო.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.


