Twitter–მა რუსეთის საელჩოს შეტყობინებები წაშალა მარიუპოლის საავადმყოფოზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ
10/03/2022 22:58:42 მსოფლიო
Twitter-მა წაშალა ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს შეტყობინებები მარიუპოლის სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფოზე საჰაერო თავდასხმის შესახებ ძალადობრივი მოვლენების უარყოფის წესების დარღვევის გამო,– წერს Reuters.
ოთხშაბათს ქალაქის სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფოზე ავიაიერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. დაშავდა 17 პირი.
„ზომები მივიღეთ, ვინაიდან ისინი არღვევდნენ Twitter-ის პოლიტიკას, განსაკუთრებით ჩვენს პოლიტიკას სიძულვილის და შეურაცხმყოფელი ქცევის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ძალადობრივი მოვლენების უარყოფასთან“, - თქვა Twitter-ის წარმომადგენელმა.
რუსეთის საელჩომ გამოაქვეყნა სურათი წითელი წარწერით „ყალბი“ და აღნიშნა, რომ სამშობიარო საავადმყოფო არ ფუნქციონირებს და რომ მას უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებდნენ. იგივე გაიმეორა 10 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
მოგეხსენებათ, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა თავის ტერიტორიაზე დაბლოკა უცხოური სოციალური ქსელები, მათ შორის Twitter და Facebook.


