
"სწრაფი პროცედურა" არ იქნება: EU-ს ლიდერები ეწინააღმდეგებიან კავშირში უკრაინის დაჩქარებული წესით მიღებას
10/03/2022 21:27:05 ევროპა
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების "სწრაფი პროცედურა" არ იქნება – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს.
"მნიშვენლოვანია, გავაგრძელოთ იმის განხორციელება, რაც წარსულში გადავწყვიტეთ", - განაცხადა შოლცმა და ხაზი გაუსვა რამდენიმე წლის წინ ევროკავშირსა და უკრაინას შორის გაფრომებული ასოცირების შეთანხმებას, რომელიც პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გარღმავებას ემსახურება.
მსგავსი პოზიცია აქვთ სხვა ლიდერებსაც.
„შეგვიძლია, დღეს ევროკავშირში სწრაფად მიღების პროცედურა დავიწყოთ ქვეყნისთვის, რომელიც ომშია ჩართული? არა მგონია“, - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და დასძინა:“ „კარი ჩავკეტოთ და უკრაინას ვუთხრათ, "არასოდეს"? ეს უსამართლო იქებოდა.“
„არ არსებობს [ევროკავშირში] დაჩქარებული წესით მიღება,“ განაცხადა ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ მოლაპარაკებებზე ჩასვლისთანავე.
„მინდა, ყურადღება დავუთმო იმას, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის დღეს საღამოს, ხვალ. ევროკავშირში უკრაინის მიღება კი დიდი ხნის საქმეა, თუ საერთოდ მოხდა ეს,“- დასძინა მან.
„ჩემი აზრით, საქმეს შემოქმედებითად უნდა მივუდგეთ და ვაჩვენოთ, რომ ევროპის კავშირშია უკრაინის მომავალი, თან არ უნდა დავივიწყოთ მოლდოვა და საქართველო,“ - თქვა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ქსავიე ბეტელმა.
ამავე დროს მან თქვა, რომ უკრაინას ყალბი მოლოდინი არ უნდა გავუჩინოთ:
„უკრაინას არ უნდა გავუჩინოთ ისეთი გრძნობა, თითქოს ყველაფერი ხვალვე იწყება“.
ევროკავშირის აღმოსავლელი წევრები, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნები, უკრაინისთვის მეტი დახმარების აღმოჩენას მოითხოვენ.
უკრაინამ 28 თებერვალს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეიტანა და მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა. 3 მარტს ევროკავშირში გასაგზავნ განაცხადს ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. იმავე დღეს მსგავს განაცხადს ხელი მოაწერა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.
7 მარტს ევროკავშირში შემავალმა 27-მა ქვეყანამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიას, ბლოკის აღმასრულებელ ხელისუფლებასა და კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელ ორგანოებს დაავალა სამივე ქვეყნის აპლიკაციებთან დაკავშირებით პირველადი მოსაზრების შემუშავება.