
ჰააგის პროკურორი ამბობს, დანაშაულები, რომლებიც 2008 წლის ომის საქმეში გამოავლინა, უკრაინაშიც ფიქსირდება
10/03/2022 20:52:06 ევროპა
ჰააგის პროკურორი, რომელმაც აგვისტოს ომის საქმეზე დაკავების პირველი ორდერები სასამართლოს უკვე წარუდგინა, რომელშიც სამხედრო დანაშაულებზეა საუბარი, ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები გამოავლინა „უკრაინის ვითარების“ წინასწარი გამოძიების დროს - „ღრმად შეშფოთებული ვარ დღეს უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირების ფონზე სავარაუდოდ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების გამო“. კერძოდ, საუბარია უკანონო დაკავებაზე, წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, ადამიანური ღირსების შელახვაზე, მძევლად აყვანაზე და უკანონო გადაყვანაზე.
„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვა არ არის თავისუფალ არჩევანზე დამოკიდებული. ისინი, ვისაც აქვს იარაღი, ვინც მონაწილეობს შეიარაღებულ კონფლიქტში, ზიდავს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოქცევის პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთს. თუკი ისინი დაარღვევენ მას, ჩემი ოფისი უფლებამოსილია მათ პასუხი აგებინოს კანონის უზენაესობის შესაბამისად“ - აცხადებს პროკურორი კარიმ ხანი.
მე–15 დღეა, რუსული ძალები უკრაინაში ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებენ, ბომბავენ ქალაქებს, მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს, ფიქსირდება აკრძალული იარაღის გამოყენების ფაქტებიც, ცეცხლს უხსნიან მშვიდობიან მოქალაქეებს, შექმნეს რადიაციული საფრთხე. რუსულ აგრესიას ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. 2 მილიონზე მეტი მოქალაქე ლტოლვილად იქცა, ჰუმანიტარული კრიზისია რამდენიმე დასახლებაში, რომლებიც რუსულ ძალებს ალყაში აქვთ მოქცეული.
თუ საწყის ეტაპზე კრემლი ირწმუნებოდა, რომ უკრაინა თავად ბომბავდა საკუთარ თავს, ამჟამად მსოფლიო მასმედიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ საავადმყოფოებსა და საცხოვრებელ სახლებში, რომელთა ნანგრევებიდანაც ცხედრები და დაშავებულები ამოჰყავთ, „ნაციონალისტები“ არიან მობილიზებული.