
რუსეთი ამბობს, რომ ყოველდღიურად გახსნის ჰუმანიტარულ დერეფანს, თუმცა საკუთარი მიმართულებით
10/03/2022 20:14:56 ევროპა
რუსული მხარე ჰუმანიტარულ დერეფანს 11 მარტს, 10:00 საათზე გახსნის ხუთი მიმართულებით: კიევი, ჩერნიგოვი, სუმი, ხარკოვი, და მარიუპოლი,– ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელ მიხაილ მიზინცევზე დაყრდნობით იუწყება.
„10:00 საათიდან რუსეთი „სიჩუმის რეჟიმს“ აცხადებს და მზადაა, უზრუნველყოსუმანიტარული დერეფანი“,– განაცხადა მან.
იგივე პირზე დაყრდნობით Интерфакс წერს, რომ რუსეთი ყოველდღიურად, 10:00 საათიდან გახსნის ჰუმანიტარულ დერეფნებს მოქალაქეების უკრაინიდან რუსეთში ევაკუაციისთვის კიევთან კოორდინაციის გარეშე:
"რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება ცალმხრივად, ყოველგვარი კოორდინაციის გარეშე, ყოველ დღე, დილის 10:00 საათიდან, ხოლო სხვა მიმართულებით, უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით".
ამასთან, მისი თქმით, „კიევი აგრძელებს კატეგორიულ აკრძალვას და არ უწევს კოორდინაციას მშვიდობიანი მოსახლეობის გამგზავრებას რუსეთის მიმართულებით“.
მიზინცევმა აღნიშნა, რომ კიევის მოთხოვნა მარიუპოლიდან ზაპოროჟიემდე ჰუმანიტარული დერეფნის გაწმენდის შესახებ ვერ შესრულდება, რადგან ეს მიმართულება, სავარაუდოდ, უკრაინული ძალების კონტროლის ქვეშაა.
მისი მტკიცებით, საომარი ზონებიდან რუსეთში 187 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო რუსეთის ფედერაციაში წასვლის სურვილი 2,6 მილიონზე მეტმა გამოთქვა.
ცნობისთვის: ამ დღეების განმავლობაში რიგ ქალაქებში რამდენჯერმე გახსნეს „ჰუმანიტარული დერეფანი“, თუმცა დევნილები ყვებოდნენ, რომ მათ ცეცხლის ქვეშ უწევდათ გავლა. ხშირად ევაკუაციის პროცესი რუსული ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნის გამო ფერხდებოდა.