
რუსმა სამხედროებმა უკრაინაში „კოკა-კოლის“ ქარხანას ცეცხლი გაუხსნეს
10/03/2022 17:23:27 ევროპა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბროვარსკის რაიონში „კოკა-კოლის" ქარხანას ცეცხლი გაუხსნეს.
„დაზიანებულია კოგენერაციის სადგური - მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც მუშაობს ელექტრო და თერმული ენერგიის კომბინირებული წარმოების მეთოდის მიხედვით ან ტექნოლოგიური პროცესების ნარჩენი ენერგიის პოტენციალის ელექტრო და თერმულ ენერგიად გარდაქმნას“, - ამბობს გერაშჩენკო.
ცნობისთვი: „კოკა-კოლა" შეუერთდა იმ კომპანიების სიას, რომლებმაც რუსეთში საქმიანობა შეაჩერეს.
მე–15 დღეა, რუსული ძალები უკრაინაში ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებენ, ბომბავენ ქალაქებს, მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს, ფიქსირდება აკრძალული იარაღის გამოყენების ფაქტებიც, ცეცხლს უხსნიან მშვიდობიან მოქალაქეებს, შექმნეს რადიაციული საფრთხე. რუსულ აგრესიას ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. 2 მილიონზე მეტი მოქალაქე ლტოლვილად იქცა, ჰუმანიტარული კრიზისია რამდენიმე დასახლებაში, რომლებიც რუსულ ძალებს ალყაში აქვთ მოქცეული.
თუ საწყის ეტაპზე კრემლი ირწმუნებოდა, რომ უკრაინა თავად ბომბავდა საკუთარ თავს, ამჟამად მსოფლიო მასმედიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ საავადმყოფოებსა და საცხოვრებელ სახლებში, რომელთა ნანგრევებიდანაც ცხედრები და დაშავებულები ამოჰყავთ, „ნაციონალისტები“ არიან მობილიზებული.