მედია: უკრაინაში რუსეთის სამხრეთიდან დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობამ 100–ს გადააჭარბა
10/03/2022 17:15:24 მსოფლიო
ჩრდილოეთ ოსეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, როსტოვისა და ვოლგოგრადის რაიონებში კიდევ შვიდი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი. ყველა მათგანი უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დროს დაიღუპა. ჩრდილოეთ კავკასიისა და რუსეთის სამხრეთის მკვიდრთა შორის დაღუპულთა საერთო რაოდენობა, Kavkaz.Realii-ის ცნობით, სულ მცირე 104 ადამიანია.
მედია წერს, რომ ვლადიკავკაზში მცხოვრები, კაპიტანი მიხაილ ორჩიკოვი კოსტრომაში დაკრძალეს.
მის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა რეგიონის გუბერნატორმა სერგეი სიტნიკოვმა. ყარაჩაი-ჩერქეზეთში რესპუბლიკის მეთაურმა რაშიდ თემრეზოვმა ერთდროულად ოთხი სამხედრო მოსამსახურის - პაველ კოსტინის, ნაზარ გოჩიაევის, ტიმურ ლობაჩოვის და ვლადისლავ ბრიუხანოვის დაღუპვის შესახებ განაცხადა.
მან არ დააკონკრეტა მათი გარდაცვალების დეტალები. ეს არის პირველი გარდაცვალების შემთხვევა რესპუბლიკაში, რაც ცნობილი გახდა. როსტოვის ოლქის უსტ-დონეცკის რაიონის ადმინისტრაციამ ადგილობრივი მკვიდრის ალექსანდრე აბროიანის დაღუპვაზე ისაუბრა.
კოტოვსკის რაიონის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია 27 წლის სერგეი მილერის გარდაცვალების შესახებ.
მე–15 დღეა, რუსული ძალები უკრაინაში ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებენ, ბომბავენ ქალაქებს, მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს, ფიქსირდება აკრძალული იარაღის გამოყენების ფაქტებიც, ცეცხლს უხსნიან მშვიდობიან მოქალაქეებს, შექმნეს რადიაციული საფრთხე. რუსულ აგრესიას ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. 2 მილიონზე მეტი მოქალაქე ლტოლვილად იქცა, ჰუმანიტარული კრიზისია რამდენიმე დასახლებაში, რომლებიც რუსულ ძალებს ალყაში აქვთ მოქცეული.
თუ საწყის ეტაპზე კრემლი ირწმუნებოდა, რომ უკრაინა თავად ბომბავდა საკუთარ თავს, ამჟამად მსოფლიო მასმედიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ საავადმყოფოებსა და საცხოვრებელ სახლებში, რომელთა ნანგრევებიდანაც ცხედრები და დაშავებულები ამოჰყავთ, „ნაციონალისტები“ არიან მობილიზებული.


