„მიხვდებიან, რომ არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა“ – პუტინი მოსახლეობას კარგი მოსავლით ამშვიდებს
10/03/2022 16:10:00 მსოფლიო
უპრეცედენტო სანქციების ფონზე, რომელსაც რუსეთს მსოფლიოს ქვეყნები უკრაინაში შეჭრის გამო უწესებენ, კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ 2022 წელს რუსეთში კარგი მოსავალი იქნება. ამის შესახებ მან 10 მარტს, რუსეთის მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
პუტინის თქმით, სოფლის მეურნეობის მწარმოებლებმა იციან, "როგორ იმუშაონ და ბოლო წლებში ეს არაერთხელ დაადასტურეს“:
„ვიცი, რომ მოსავლის გეგმები, ზოგადად მოსავლის პერსპექტივა, პროგნოზი კარგია, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, ჩვენმა სოფლის მეურნეობის მწარმოებლებმა იციან მუშაობა და ეს არაერთხელ დაამტკიცეს ბოლო წლებში".
პუტინის თქმით, უცხოელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან რუსეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებით.
როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთის წინააღმდეგ "ასე თუ ისე" დაწესდებოდა, როგორც ეს გასული წლების განმავლობაში ხდებოდა:
"რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გარდაუვალი იყო, ქვეყანა გაუმკლავდება მათ და არ იცხოვრებს გაჭირვებაში".
პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთის ეკონომიკა ახალ გამოწვევებს გაუმკლავდება იმპორტის ჩანაცვლებით:
"ხალხი მიხვდება, რომ არ არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრაც ჩვენ არ შეგვიძლია".
მე–15 დღეა, რუსული ძალები უკრაინაში ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებენ, ბომბავენ ქალაქებს, მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს, ფიქსირდება აკრძალული იარაღის გამოყენების ფაქტებიც, ცეცხლს უხსნიან მშვიდობიან მოქალაქეებს, შექმნეს რადიაციული საფრთხე. რუსულ აგრესიას ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. 2 მილიონზე მეტი მოქალაქე ლტოლვილად იქცა, ჰუმანიტარული კრიზისია რამდენიმე დასახლებაში, რომლებიც რუსულ ძალებს ალყაში აქვთ მოქცეული.
თუ საწყის ეტაპზე კრემლი ირწმუნებოდა, რომ უკრაინა თავად ბომბავდა საკუთარ თავს, ამჟამად მსოფლიო მასმედიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ საავადმყოფოებსა და საცხოვრებელ სახლებში, რომელთა ნანგრევებიდანაც დაბომბვის შემდეგ ცხედრები და დაშავებულები ამოჰყავთ, „ნაციონალისტები“ არიან შესახლებული.


