კამალა ჰარისი: "აშშ მზადაა, დაიცვას ნატო–ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი"
10/03/2022 14:16:03 მსოფლიო
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ აშშ "ნატო–ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრს" დაიცავს. ამის შესახებ მან პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასტან ერთად ვარშავაში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"აშშ მზადაა, დაიცვას ნატო–ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. ჩვენი ერთგულება ალიანსის წესდების მე-5 მუხლის მიმართ მტკიცეა", – განაცხადა ჰარისმა.
მან აღნიშნა, რომ აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას მმავალშიც გააგრძელებს:
"ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ სამხედრო დახმარების მიწოდებას იმდენად, რამდენადაც ეს შეგვიძლია”.
შეგახსენებთ, რომ აშშ არ უჭერს მხარს უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას. ამჟამად პოლონეთი აცხადებს, რომ მზადაა, MiG-29 ტიპის გამანადგურებლები უკრაინას ნატო–ს ეგიდით გადასცეს.
ნატო უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა 4 მარტს განაცხადა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.


