
ნიკოლაევში რუსი სამხედროებისთვის „მწვანე დერეფნის“ ორგანიზება განიზრახეს
10/03/2022 13:58:21 ევროპა
ნიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა გადაწყვიტა, "მწვანე დერეფნის" ორგანიზება იმ რუსი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე დგანან და არ სურთ თავდასხმა.
მერი ამბობს, რომ მათთვის „ცხელ ხაზს“ აამოქმედებს:
„ვიცი, რომ ხერსონისა და ნიკოლაევის ადმინისტრაციულ საზღვარზე დგანან და ჩვენებს ელაპარაკებიან. რა პრობლემები აქვთ რუსებს? შეტევა არ სურთ, მაგრამ უკან დაბრუნებაც არ შეუძლიათ, რადგან მეორე მხრიდან – ხერსონიდან უთხრეს, რომ უკან დახევის შემთხვევაში დახვრეტენ და დგანან სოფლებთან .
ახლა ზემდგომებთან შევათანხმებ ისეთ საკითხს, როგორიცაა რუსებისთვის მწვანე დერეფნის გახსა. ვფიქრობ, გამომივა. ხვალ კოორდინატებს და ინსტრუქციას მოგცემთ, რა გააკეთოთ, თუ სიცოცხლე გსურთ“.
მან დააზუსტა, რომ ეს მხოლოდ იმ სამხედროებს ეხებათ, რომელთაც ჯერ კიდევ არ გაუხსნიათ ცეცხლი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და კატეგორიულად არ ვრცელდება მათზე, რომლებიც რაკეტებს ისვრიან და საარტილერიო ცეცხლს ხსნიან:
"მარიუპოლის შემდეგ თქვენ არჩევანი არ გაქვთ – ან გარბიხართ, ან მიწაში ჩახვალთ“.
ამჟამად ნიკოლაევიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ მარიუპოლში 9 მარტს სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს. დაიღუპა სამი პირი, მათგან ერთი ბავშვი, დაშავდა 17 ადამიანი.
მე–15 დღეა, რუსული ძალები უკრაინაში ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებენ, ბომბავენ ქალაქებს, მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს, ფიქსირდება აკრძალული იარაღის გამოყენების ფაქტებიც, ცეცხლს უხსნიან მშვიდობიან მოქალაქეებს, შექმნეს რადიაციული საფრთხე. რუსულ აგრესიას ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. 2 მილიონზე მეტი მოქალაქე ლტოლვილად იქცა, ჰუმანიტარული კრიზისია რამდენიმე დასახლებაში, რომლებიც რუსულ ძალებს ალყაში აქვთ მოქცეული.
თუ საწყის ეტაპზე კრემლი ირწმუნებოდა, რომ უკრაინა თავად ბომბავდა საკუთარ თავს, ამჟამად მსოფლიო მასმედიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ საავადმყოფოებსა და საცხოვრებელ სახლებში, რომელთა ნანგრევებიდანაც დაბომბვის შემდეგ ცხედრები და დაშავებულები ამოჰყავთ, „ნაციონალისტები“ არიან შესახლებული.