Accentnews.ge
ჩავუშოღლუ – ლავროვსა და კულებას შეხვედრაზე: "არ უნდა ველოდოთ, სასწაულს მხოლოდ ერთი შეხვედრით"

ჩავუშოღლუ – ლავროვსა და კულებას შეხვედრაზე: "არ უნდა ველოდოთ, სასწაულს მხოლოდ ერთი შეხვედრით"

10/03/2022 13:41:04 მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებების დაწყება მნიშვნელოვანია.

"არ უნდა ველოდოთ, სასწაულს მხოლოდ ერთი შეხვედრით. მიუხედავად ყველა სირთულისა, შემიძლია ვთქვა, რომ ცივილიზებული შეხვედრა გაიმართა. თურქულმა მხარემ ხაზგასმით აღვნიშნა, რომ ჰუმანიტარული დერეფნები უმდა გაიხსნას ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე", – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

როგორც ბრიტანული მედია იუწყება, თურქეთი ცდილობს ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას, რადგან მას სტრატეგიული კავშირები აქვს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან. ანკარამ მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის უკრაინაში შეჭრა, მაგრამ ამ დრომდე უარს აცხადებს, შეუერთდეს მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრა ცეცხლის შეწყვეტასა და მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის თაობაზე პროგრესის მიღწევის გარეშე დასრულდა.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S