"სხვა ქვეყნებზე თავდასხმას არ ვგეგმავთ. რუსეთი არც უკრაინას დასხმია თავს"
10/03/2022 11:25:27 მსოფლიო
"სხვა ქვეყნებზე თავდასხმას არ ვგეგმავთ. რუსეთი არც უკრაინას დასხმია თავს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან ანტალიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციას. ლავროვის მტკიცებით, ამ თვეში თავად უკრაინა აპირებდა დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებზე თავდასხმას.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.


