IAEA-ს დირექტორი უკრაინის ატომური სადგურების გამო თურქეთში ჩავიდა
10/03/2022 11:13:03 მსოფლიო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი თურქეთში გაემგზავრა უკრაინის ატომური ენერგობლოკების დაცვის და მათი უსაფრთხოების საკითხების განსახილველად.
სააგენტოს ხელმძღვანელი შეხვედრებს ანტალიაში გამართავს.
დღესვე ანტალიაში შედგა უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.
9 მარტს უკრაინამ განაცხადა, რომ რუსი სამხედროების სარაკეტო იერიშის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რაიონში, შესაბამისად, სადგური ენერგომომარაგების გარეშე დარჩა და საბრძოლო მოქმედებების გამო შეუძლებელია სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ელექტროენერგიის შეწყვეტამ საფრთხე შეუქმნა 20 ტონამდე რადიოაქტიურ ნარჩენებს, რომელთა მუდმივი გაგრილებაა აუცილებელი რადიაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.
8 მარტს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ვეღარ იღებს მონაცემებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ბირთვული მასალების მონიტორინგის სისტემიდან.


