კლერ კორკილი: "ჩერნობილიდან რადიაციის გაჟონვის რისკი ძალიან დაბალია იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადგურს ელექტორენერგიის მიწოდება არ აღუდგება"
10/03/2022 09:26:39 მსოფლიო
9 მარტის შემდეგ ჩერნობილის ყოფილ ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, თუმცა სპეციალისტები აცხადებენ, რომ სადგურიდან რადიაციის გაჟონვის რისკი ამ პირობებშიც ძალიან დაბალია.
მათი თქმით, არსებობს სარეზერვო გენერატორები, რომლებსაც შეუძლიათ, რადიოაქტიური ნარჩენების გაგრილება რამდენიმე დღის განმავლობაში. თუმცა თუ სადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება არ განახლდება აფეთქების რისკი არ არსებობს, მაგრამ გაგრილებისთვის გამოყენებული წყალი დაიწყებს თანდათან აორთქლებას და ორთქლი შეიძლება იყოს, რადიოაქტიური, რადგან ის შეიძლება შეიცავდეს საწვავის ღეროების შიგნიდან გამორეცხილ მასალას.
"მაგრამ ნებისმიერი ასეთი ორთქლი უნდა იყოს შენახული შენობის შიგნით", – ამბობს შეფილდის უნივერსიტეტის პროფესორი კლერ კორკილი BBC–სთან საუბრისას.
"მიმაჩნია, არ მოხდება რადიაციის გაჟონვა, რადგან წყლის აორთქლებას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. დახარჯული საწვავი ინახება თანამედროვე შენობაში, რომელიც უნდა იყოს დალუქული და ჰქონდეს სტრუქტურული მთლიანობა", – აცახდებს კორკილი.
მან დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირეა რადიაციის გაჟონვის ალბათობა, პერსონალისთვის სახიფათო იქნება დაწესებულებაში შესვლა.
ცნობისთვის: 9 მარტს უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიამ "ენერგოატომმა" განაცხადა, რომ ჩერნობილის ყოფილ ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. უწყების ცნობით, ელექტროგადამცემი ხაზები სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა და კიევის ჩრდილოეთით მიმდინარე ბრძოლების გამო მათი შეკეთება შეუძლებელია.
"ელექტრომომარაგების შეწყვეტა საფრთხეს უქმნის 20 ტონამდე რადიოაქტიურ ნარჩენებს, რომელიც განუწყვეტლივ უნდა გაგრილდეს, რათა არ მოხდეს რადიაციის გაჟონვა და საფრთხე არ შეექმნას უკრაინას, რუსეთს, ბელარუსსა და ევროპას. ელექტროსადგურს მოეპოვება დიზელის გენერატორები, რომლებიც 48 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს დენით მომარაგებას, რის შემდეგაც გამაგრილებელი სისტემა გაჩერდება და რადიაციის გაჟონვა გარდაუვალი გახდება“, – აცხადებდა უწყება.
მოგვიანებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ აღნიშნა, რომ ელექტრომომარაგების გარეშეც კი, "უკვე დახარჯული ბირთვული საწვავი არ გაცხელდება იმ დონეზე, რომ ავარია გამოიწვიოს".
8 მარტს უკრაინამ IAEA–ს აცნობა, რომ ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხო მართვისთვის აუცილებელია ტექნიკური პერსონალის და დაცვის სამსახურის დაახლოებით 210 თანამშრომლის როტაცია. ისინი 24 თებერვლის შემდეგ შეუსვენებლად მუშაობენ და უკრაინული მხარის ინფორმაციით, შეზღუდული აქვთ წვდომა საკვებზე, წყალსა და მედიკამენტებზე.
აღნიშნულის შემდეგ სააგენტომ ატომურ ელექტროსადგურზე „ეფექტური კონტროლის" მქონე ძალებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ განეხორციელებინათ პერსონალის უსაფრთხო როტაცია. რუსმა სამხედროებმა ელექტროსადგურზე კონტროლი უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეს – 24 თებერვალს დაამყარეს.


