Accentnews.ge
კაცი, რომლის ცოლ–შვილი რუსულმა რაკეტამ იმსხვერპლა: ”მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს რა ხდება აქ"

კაცი, რომლის ცოლ–შვილი რუსულმა რაკეტამ იმსხვერპლა: ”მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს რა ხდება აქ"

10/03/2022 08:08:49 მსოფლიო

უკრაინაში, ირპინში მცხოვრები პერებიინისების ოჯახის სამი წევრი – დედა და ორი შვილი რუსულმა რაკეტამ იმსხვერპლა. გადარჩა მხოლოდ მამა, რომელიც The New York Times-ს მისი ოჯახის ტრაგედიაზე ესაუბრა.

როგორც 43 წლის სერხი პერებიინისი ყვება, მეუღლე ტეტიანა პროფესიით ბუღალტერი იყო, თავად კი კომპიუტერის პროგრამისტია. მისი თქმით, ტეტიანას ძალიან უყვარდა თხილამურებით სრიალი და იგი ომამდე ცოტა ხნით ადრე დაბრუნდა საქართველოდან, სადაც მთის კურორტს სტუმრობდა.

"24 თებერვალს დაიწყო ომი. ჩემს ოჯახს ერთხელ უკვე მოუწია იძულებით გადაადგილება. 2014 წლამდე დონეცკში ვცხოვრობდით, თუმცა მას შემდეგ, რაც რეგიონის ნაწილი პრორუსი სეპარატისტების კონტროლს დაექვემდებარა, ჩვენ დავტოვეთ იქაურობა და კიევთან, ირპინში დავსახლდით. როცა რუსული ტანკები უკრაინაში კვლავ დავინახე, ვერ ვიჯერებდი, რომ ეს კიდევ ერთხელ ხდებოდა", – აცხადებს სერხი პერებიინისი.

იგი ყვება, რომ ტრაგედიის დროს მის ცოლ–შვილთან არ იმყოფებოდა, რადგან მანამდე წავიდა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ავადმყოფ დედას უვლიდა.

მისი თქმით, როდესაც ირპინში ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მეუღლემ 43 წლის ტეტიანამ გადაწყვიტა მისი შვილების 18 წლის მიკიტასა და 9 წლის ალისას ევაკუაცია განეხორციელებინა.

"თუმცა მან ეს ვერ მოახერხა. დედა, შვილები და 26 წლის ანატოლი ბერეჟნი რუსული ძალების მიერ ნასროლ რაკეტას ემსხვერპლნენ. ანატოლი ბერეჟნიმ, რომელიც ეკლესიაში მორჩილი იყო, მანამდე მისი ოჯახის ევაკუაცია განახორციელა და შემდეგ ტეტიანასა და ბავშვების დასახმარებლად უკან გაბრუნდა", – წერს გამოცემა.

ფოტო: ირპირი. 2022 წლის 6 მარტი. ავტორი: ლინსი ადარიო. The New York Times.

მამა ყვება, რომ, ცოლ–შვილის დაღუპვის შესახებ "ტვიტერიდან" შეიტყო:

"უკრაინელების "პოსტებიდან" შევიტყვე. ტრაგედიის წინა ღამით ტეტიანას ვუთხარი, რომ ძალიან ვწუხდი, რომ მათთან ერთად არ ვიყავი და არ შემძელო მათი დაცვა. მან მიპასუხა: "არ ინერვიულო, გამოვალთ". ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ოჯახის ტრაგედია ვიდეოებსა და ფოტოებზე აისახა. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს რა ხდება აქ".

იგი პირობას დებს, რომ "ბოლომდე იბრძოლებს".

"საშინელებათა ფილმის მსგავსი ამბავი ხდება აქ. ურთულესია, ხედავდე, რომ შენი საყვარელი მეუღლე იატაკზე შავ ჩანთაში წევს. მე მათთვის ბოლომდე ვიბრძოლებ. დარწმუნებული ვარ, სასამართლოს განაჩენი იქნება“, – აცხადებს სერხი.

ცნობისთვის: ირპინის მერის ალექსანდრე მარკუშინის ცნობით, 6 მარტს რუსული ძალების მიერ ინტენსიური დაბომბვის შედეგად ევაკუაციის დროს რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა კიევის დასავლეთით მდებარე ირპინის რაიონში.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S