კულება ლავროვამდე თავის თურქ კოლეგას შეხვდა
10/03/2022 07:42:02 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება თურქეთში იმყოფება, სადაც თურქეთის, უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ "ტვიტერზე" წერს:
„სამმხრივი შეხვედრის დაწყებამდე გვქონდა ორმხრივი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან“.
რაც შეეხება ლაროვთან შეხვედრას, კულებამ 10 მარტს განაცხადა, რომ მასზე დიდ იმედებს არ ამყარებს.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, უკრაინის თავდაცვის ძალების ქმედებების, პარტნიორების მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებით უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად და რუსეთის იზოლაციის გათვალისწინებით, თავად ამ მოლაპარაკებებზე ძლიერი პოზიციებით მიდის:
„ჩვენ ძლიერები, საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ, მაქსიმალურს გამოვწურავთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ.
ბოლოს რას მივიღებთ – ეს უკვე სხვა საკითხია. ეს მათ შორის იმაზეცაა დამოკიდებული, რა ინსტრუქციებით და დირექტივებით მოდის ლავროვი მოლაპარაკებებზე. ვიმედოვნებ, ის ამ მოლაპარაკებებს კეთილსინდისიერად მიუდგება და არა პროპაგანდისტული პერსპექტივიდან“,– აღნიშნავს კულება და დასძენს, რომ მისი მოლოდინი მოკრძალებულია:
„დიდ იმედებს არ ვამყარებ, მაგრამ მაქსიმუმს გამოვწურავთ. ჩვენი ინტერესია: შეწყდეს ცეცხლი, გათავისუფლდეს ჩვენი ტერიტორიები და მესამე პუნქტი – რუსული არმიის მიერ შექმნილი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაპირობების გარეშე გადაწყვეტა“.


