
მას შემდეგ, რაც რუსული სიმბოლო „Z“ ჩეხეთშიც გამოჩნდა, ქვეყანაში მისი ნაცისტურ სვასტიკასთან გაიგივება სურთ
10/03/2022 06:58:45 ევროპა
ჩეხეთში სურთ სიმბოლო Z, რომელსაც უკრაინაში რუსული ძალები იყენებენ, ნაცისტურ სვასტიკასთან გააიგივონ, შესაბამისად, მისი გამოყენება სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებაროს,– იუწყება ადგილობრივი გამოცემა Seznam Zpravy.
ინიციატივა დაადასტურეს ქვეყნის შს სამინისტროში.
"დიახ, პროკურატურასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს მასალების შეგროვება ამის შესახებ. თითოეული კონკრეტული შემთხვევა ცალ-ცალკე შეფასდება", - განაცხადეს ჩეხეთის პოლიციის პრეს–სამსახურში.
ხოლო შს სამინისტროში აღნიშნეს, რომ ქვეყნის სამართლებრივი სისტემა არ შეიცავს აკრძალული სიმბოლოების ჩამონათვალს, აქ კონტექსტი ყოველთვის მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, სიმბოლო "Z", რომელიც არასწორად გამოიყენება, კერძოდ უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად, შესაძლოა, წარმოადგენდეს მშვიდობის წინააღმდეგ დანაშაულის მტკიცებულებას და ეს შესაძლოა, ფორმულირდეს, როგორც თანხმობა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაზე.
გამოცემა აღნიშნავს, რომ „Z“ ჩეხეთში ჯერ–ჯერობით მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა. მაგალითად, ერთი შემთხვევა დააფიქსირა პარდუბიცის პოლიციის წარმომადგენელმა ჟირი სეიკორამ ადგილობრივი მატარებლის სადგურზე: მან გადაიღო მგზავრები შავი ჩემოდნებით, რომლებზეც „Z“ იყო გამოსახული.
უკრაინაში მყოფ რუსულ საბრძოლო და სატვირთო ტექნიკაზე სხვადასხვა ლათინური ასოა გამოსახული.
უკრაინის თავდაცვის საიმინისტრო განმარტავს, თუ რას ნიშნავს „Z“ „V“ „X“ და სხვა სიმბოლოები, რომლებიც რუსულ ტექნიკაზეა დატანილი.
- Z – რუსეთის აღმოსავლეთ ძალები;
- Z კვადრატში – რუსეთის ჯარები, რომლებიც განთავსებულია ყირიმში;
- O – ბელარუსში დისლოცირებული ჯარები;
- V – საზღვაო ქვეითები;
- X – კადიროველები;
- A – სპეციალური დანიშნულების რაზმები;
რუსეთი და უკრაინა პრაქტიკულად მსგავს საბრძოლო ტექნიკას იყენებენ.
ტექნიკაზე სიმბოლოების დატანა შესაძლოა, რამდენიმე მიზეზით აიხსნებოდეს, მათ შორის, საკუთარი ტექნიკის იდენტიფიკაციისთვის და ე.წ. „მეგობრული ცეცხლის“ თავიდან აცილების მიზნით.