საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინისთვის 1.4 მილიარდი დოლარი დაამტკიცა
10/03/2022 06:13:05 მსოფლიო
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, უკრაინისთვის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, 1,4 მილიარდი დოლარი (1,1 მილიარდი ფუნტი) დაამტკიცა. აღნიშნული თანხა უკრაინას ომის შედეგებთან გამკლავებაში უნდა დაეხმაროს.
მანამდე, მსოფლიო ბანკმა უკრაინას სამ-მილიარდიანი დახმარების პაკეტიდან, 500 მილიონი დოლარის ოდენობით ტრანში გამოუყო, ქვეყნის ეკონომიკის აღსადგენად.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.


