Accentnews.ge
Bellingcat-ს ხელმძღვანელი: "7-10 დღის შემდეგ რუსეთი უკრაინაში ომს სავარაუდოდ, გაყინავს"

Bellingcat-ს ხელმძღვანელი: "7-10 დღის შემდეგ რუსეთი უკრაინაში ომს სავარაუდოდ, გაყინავს"

10/03/2022 06:02:54 მსოფლიო

გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის Bellingcat-ს ინტერნეტ-გამოცემის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი აცხადებს, რომ "7-10 დღის შემდეგ რუსეთი უკრაინაში ომს სავარაუდოდ, გაყინავს".

უკრაინელ ჟურნალისტ ალესია ბაცმანთან ინტერვიუში გროზევმა თქვა, რომ "ეს იქნება პერიოდი, როცა გაუგებარია ომი დასრულდა, თუ არა, მაგრამ აღარ იქნება სისხლისღვრა".

"Bellingcat-მა საკუთარი წყაროებით იცის, რომ რუსულ არმიაში სერიოზული პრობლემებია, მათ შორის ლოგისტიკის და ტექნიკური უზრუნველყოფის მხრივ, იმდენად, რომ რუსი სამხედროები ერთმანეთს მობილური ტელეფონებით ეკონტაქტებიან, ამ საუბრების მოსმენა კი რთული არ არის.რუსი გენერლები და პოლკოვნიკები ერთმანეთს უკვე გინებით ელაპარაკებიან და პანიკაში არიან", – აცხადებს გროზევი.

მისი თქმით, რეალურ ვითარებაზე პუტინს არავინ ელაპარაკება, რადგან არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც მივა და ეტყვის, რომ ყველაფერი ძალიან ცუდადაა.

გროზევი ვარაუდობს, რომ ომის გაყინულ ეტაპზე გადაყვანის შემდეგ რუსეთში დაიწყება შიდა პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც დღევანდელი რეჟიმის შეცვლას გამოიწვევს. Bellingcat-ს ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ პუტინის წინააღმდეგ სამხედროებთან ერთად გაერთიანდებიან რუსი ოლიგარქები, რომლებმაც უკვე ბევრი დაკარგეს ომის გამო ამოქმედებული საერთაშორისო სანქციების შედეგად.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S