პენტაგონი: "აშშ არ უჭერს მხარს უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას, პოლონეთის იდეა ძალიან სარისკოა"
09/03/2022 21:05:52 მსოფლიო
"აშშ არ უჭერს მხარს უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას, პოლონეთის იდეა ძალიან სარისკოა", – ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი თქმით, "აშშ–ის თავდაცვის მდივანმა პოლონეთის თავდაცვის მინისტრს განუცხადა, რომ აშშ არ უჭერს მხარს MiG-29-ების გადაცემას ამ ეტაპზე".
ამჟამად პოლონეთი აცხადებს, რომ მზადაა, MiG-29 ტიპის გამანადგურებლები უკრაინას ნატო–ს ეგიდით გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ ნატო უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა 4 მარტს განაცხადა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


