Accentnews.ge
მორგების გადატვირთვის გამო მარიუპოლში მასობრივ საფლავებს თხრიან

მორგების გადატვირთვის გამო მარიუპოლში მასობრივ საფლავებს თხრიან

09/03/2022 19:32:30 მსოფლიო

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქალაქ მარიუპოლში, სულ მცირე, 1170 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – იუწყება BBC ქალაქის მერის მოადგილეზე დაყდნობით. მისივე ცნობით, მარიუპოლში ხელისუფლებამ გათხარა მასობრივი საფლავი, რადგან დაკრძალვის ცერემონიალის ჩვეულებრივი წესით შესრულება შეუძლებელია.

"სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გვამია. ეს აუცილებელი ღონისძიება იყო, რადგან ხალხის ნორმალურად დამარხვა არ შეგვიძლია. მორგები გადატვირთულია", – განუცხადა ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიტალი ფალკოვსკიმ the Financial Times-ს.

ფოტო: 2022 წლის 9 მარტი. უკრაინა, მარიუპოლის გარეუბანი. ავტორი: ევგენი მალოლეტკა. AP.

AP-ის ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში საფლავში 60-ზე მეტი ადამიანი დაკრძალეს. მათ შორისაა დაბომბვის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები, ასევე სამოქალაქო პირები, რომლებიც დაიღუპნენ დაავადებისა და ბუნებრივი მიზეზების გამო.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ალყაში მოქცეულ საპორტო ქალაქ მარიუპოლში წყლის, ელექტროენერგიისა და საკვების დეფიციტია.

ბრიტანული მედისაშუალების ინფორმაციით, ქალაქის საავადმყოფოები ანტიბიოტიკების და ტკივილგამაყუჩებლების მწვავე დეფიციტის წინაშეც დგანან, რის გამოც ექიმებს გადაუდებელი პროცედურების ჩატარება მათ გარეშე უწევთ.

რუსული ძალები მარიუპოლს განსაკუთრებით უტევენ, რადგან მისი აღებით სახმელეთო დერეფანის შექმნაა შესაძლებელი ანექსირებულ ყირიმსა და დონბასში სეპარატისტების მიერ კონტროლირებად პრორუსულ რეგიონებს შორის.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S