რუსეთმა უკრაინის ომში წვევამდელების ყოფნის ფაქტი აღიარა
09/03/2022 18:36:39 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ ზოგიერთი წვევამდელი ჯარისკაცი, რომელიც ომში იძულებით წაიყვანეს, მონაწილეობს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ რამდენიმე რუსი წვევამდელი უკრაინულმა შეიარაღებულმა ძალებმა დაატყვევეს.
„სამწუხაროდ, უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში ჩვენ რამდენიმე წვევამდელის ყოფნის ფაქტი აღმოვაჩინეთ. პრაქტიკულად ყველა ასეთი ჯარისკაცი უკვე გაყვანილია“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და პირობას დებს, რომ მსგავსი ფაქტის განმეორებას თავიდან აიცილებს.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უარყო უკრაინაში მიმდინარე ომში წვევამდელი ჯარისკაცების ჩართვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტში მხოლოდ პროფესიონალი ჯარისკაცები იღებენ მონაწილეობას.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


