Accentnews.ge
"გერმანია უკრაინას სამხედრო თვითმფრინავებს არ გაუგზავნის"

"გერმანია უკრაინას სამხედრო თვითმფრინავებს არ გაუგზავნის"

09/03/2022 14:59:49 მსოფლიო

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, ბერლინი უკრაინას სამხედრო თვითმფრინავებს არ გაუგზავნის.

"ჩვენ მივაწოდეთ ყველა სახის თავდაცვის მასალა... გავუგზავნეთ იარაღი, რომლის შესახებაც უკვე იცით. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა განვიხილოთ, კონკრეტულად რას ვაკეთებთ და, რა თქმა უნდა, სამხედრო თვითმფრინავები არაა ამის ნაწილი“, - განაცხადა შოლცმა კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

გერმანიამ უკრაინას ამ დროისთვის მიაწოდა 1000 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და 500 ერთგეული "Stinger"–ის ტიპის რაკეტა.

8 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ მიიღო პოლონეთის წინადადება მისთვის „მიგ-29“ ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემის შესახებ, უკრაინაში მათი შემდგომი გაგზავნის მიზნით, თუმცა განაცხადა, რომ კონსულტაციებს გააგრძელებს.

"ჩვენთვის არ არის ნათელი, აქვს თუ არა ამ წინადადებას არსებითი დასაბუთება. აშშ ამ საკითხის და მისი რთული ლოგისტიკური ასპექტების შესახებ კონსულტაციებს პოლონეთთან და სხვა ნატოელ მოკავშირეებთან გააგრძელებს, მაგრამ ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ პოლონეთის წინადადება გონივრულია", - განაცხადა აშშ–ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.

9 მარტს აშშ–ის პასუხის შემდეგ პოლონეთმა განაცხადა, რომ მზადაა, "მიგ-29“ ტიპის გამანადგურებლები უკრაინას ნატო–ს ეგიდით გადასცეს. შესაბამისი განცხადება პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას მრჩეველმა იაკუბ კუმოჩმა გააკეთა.

„აშშ-ს არ სურს, ეს თვითმფრინავები უკრაინაში ამერიკული ბაზებიდან ჩამოვიდეს. პოლონეთი მზადაა, იმოქმედოს, მაგრამ მხოლოდ ნატოს ეგიდით", – განაცხადა კუმოჩმა.

საუბარია, საბჭოთა წარმოების „მიგ-29“ ტიპის ავიაგამანადგურებლებზე, რომელთა მართვაზეც უკრაინელი პილოტები უკვე გაწვრთნილები არიან.

შეგახსენებთ, რომ ნატო უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღებაზე ამ დრომდე უარს აცხადებს.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S